Sunday, August 1, 2010

პერსი ბიში შელი

1. ინგლისი 1819 წელს

მეფე ბებერი, ჩლუნგი, შტერი, გროვა ქვიშისა,
ხოლო პრინცები ნაშიერნი ბილწი ჯიშისა,
რომ იხრჩობიან ხალხის ზიზღში. კვნესაში, გესლში,
მმართველნი – ამა ქვეყნისა რომ არარა ესმით,
წურბელებივით რომ მიჰკვრიათ ქვეყანას ეულს,
ვიდრე სისხლის ტბა არ წალეკავს მათ დონდლო სხეულს
ხალხი მშიერი, უსასოოდ დევნილი მარად,
ჯარი – დაშლილი და მიმდგარი დაღუპვის კარად,
ორპირ მახვილად რომ ქცეულა მათ ხელში განგებ,
ყალბად მოჭვილ ამ კანონებს ვინაც განაგებს.
გაყიდულია ღმერთი, რწმენა, სულს სევდა ათოვს,
ხოლო სენატი ქანდაკივით დუმს მარტიდმარტო,
დამსგავსებია სასაფლაოს, რომლის სიღრმიდან
იქნებ ოდესმე შვების ლანდმა ამოანათოს.



2.(..მიწისკენ ასე რომ მიილტვი)

მიწისკენ ასე რომ მიილტვით, რას მოიძიებთ
შიგ, აგზნებულო ფიქრებო და ბასრო აზრებო,
უქნარა ტვინმა რომ დაგბადათ, ვინც ბიწიერ
ლივრეად ტანზე მიიტმასნა მთელი სამზეო;
ო, გულო ჩემო, ჩქარო, წამით რომ არ იძინებ
და ტყუილიც რომ გყოფნის ხოლმე აქ საარსებოდ?!
და შენ, ამაოდ მცდელო სულო, ქვეყნის კიდილთგან
სულ რომ ჰკითხულობ, სიდან მოხველ და სით მიდიხარ,
შენ ერთმა უნდა უცნობადის ზღვა გადასერო!
საით მიილტვით, რა ქარაფზე დაგიკიდიათ
მწვანე ბილიკი სიცოცხლისა? ან სადაური
ხსნაა სიკვდილი შვებისა და ურვა-დარდისგან?
გულო და აზრო, ცხოვრების წილ რა საზღაური
უნდა მოგაგონ, რა სკნელები უნდა გადისხნან?

3.ოზიმანდია

შემომხვდა მგზავრი, მომავალი ძველისძველი ქვეყნით,
მითხრა, ვნახეო აღმართული ქვის ორი ფეხი,
მყარად ჩამჯდარი ცხელ ქვიშაში მთლად უტორსოდა,
იქვე ეგდოო კაცის სახეც. ღმერთმა უწყოდა,
ჰქონდაო ტუჩი
დამჭკნარი და შეკრული წარბი, იერი – ცივი.
მედიდური, განა თუ ხარბი.
ო, მოქანდაკეს ვით უგვრძნია და დაუნახავს
ვნებები, დროის ეს მანძილი რომ გადმოლახა!
ამ უდაბნოში კაცმა შექმნა ყოფის შარადა,
პიუდესტალზე ამოკვეთა სიბრძნე მარადი!
--- ოზიმინდია მეფეთ მეფე ვარ გარდასული,
ძლიერნო ამა ქვეყნისაო, შეძრულნო შურით!
წარმავალია ყოველივე ამ ქვეყნად, იმცნეთ,---
მხოლოდ უდაბნო გაჭიმულია თვალუწვდენ სივრცედ

4.მილეული მთვარე

როგორც მოსილი გამჭვირვალე ქსოვილით ქალი,
წელგატეხილი, მომაკვდავი და ფერგამკრთალი,
სარეცელს სტოვებს და ბარბაცით,წინგადმოხრილი,
მოიწევს მძიმედ სისუსტისაგან უგონოდ ქმნილი--
ისე ამოდის აღმოსავლეთ ღრუბელთა მხარეს
თეთრი და მკრთალი,ავადმყოფი,უსახო მთვარე.

5.სიყვარულის ფილოსოფია

ყველა ნაკადი მდინარეს ერთვის
და ოკეანეს ყველა მდინარე,
და აღძრავს ქარი ზეცაში,ერთი
მეორის ღელვას ნისლში მძინარეს.
ქვეყნად არავინ დარჩება კენტად,
აერთებს საგნებს კანონი ღვთისა,
რატომ არ უნდა კვლავ უფრო მეტად
გავერთიანდეთ ჩვენც მსგავსად სხვისა?

შეხედე, მთები ჰკოცნიან ზეცას
და ზღვა ზავირთებით ეკვრის ნაპირებს,
თუ ივიწყებენ ყვავილნი დებსა,
მათ მიტევებას არვინ აპირებს.
სხივების ხვევნით მზე მიწავს მოსავს,
მთვარე ზღვას ჰკოცნის ღამის ოცნებით,
მაგრამ რას ვაქნევ მე იმათ კოცნას,
თუ კი არც შენგან დავიკოცნები?

No comments:

Post a Comment